ჭეშმარიტება სადღაც აქ არის
ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული მითები

„თუ ფაქტები თეორიას ეწინააღმდეგებიან, მით უარესი ფაქტებისთვის.“
-გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (27.08.1770- 14.11.1831)
„თუ ფაქტები თეორიას არ ეთავსებიან, შეცვალე ფაქტები.“
-ივანკა ტრამპის (30.10.1981-) მიერ არასწორად ციტირებული ალბერტ აინშტაინი (14.03.1879-18.04.1955)

შეთქმულების თეორიებს უცნაური დრო დაუდგათ. 2021 წლის ივნისში მოელიან ანგარიშს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით, რომელთა კვლევითი ქვედანაყოფის არსებობა(Unidentified Aerial Phenomena Task Force), თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ წინა წელს აღიარა. ამასთან, Sars-Cov2-ის ლაბორატორიულმა წარმომავლობამ, დედამიწის მოსახლეობის განახევრებაზე გამიზნული შეთქმულების თეორიებიდან სამეცნიერო წრეებში გადაინაცვლა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი მათთვის, ვინც ღრმად იყო ამ შეთქმულების თეორიების სიმართლეში დარწმუნებული? მათთვის, ვინც არ იყო და სერიოზულად არც განიხილავდა? სად უნდა გავიდეს ზღვარი პირველების რწმენასა და მეორეთა ეჭვებს შორის?s.
მაგალითისთვის ავიღოთ „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი“. ამ ლაბორატორიის გარშემო არაერთი მითი ტრიალებს. უფრო მეტიც, როგორც Veterans Today-ის ჟურნალისტი ჰენრი კამენსი ირწმუნება, უხანის ლაბორატორიას გადაცემული Covid-19-ის მატარებელი ღამურა, წარმოშობით სწორედ საქართველოდანაა და აქვე წარმოებულ მოსახლეობის გენმოდიფიცირებული კლონებით ჩანაცვლების ცდებთანაა უშუალო კავშირში.
ჰენრი კამენსი კი ირწმუნება, მაგრამ რამდენად სარწმუნოა შემოთავაზებული თეორია? არ არის. მას ასეთი არაფერი უთქვამს, თუმცა თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რადგან ის New Eastern Outlook-ის „მოჩვენება“ ჟურნალისტების რიცხვს მიეკუთვნება. ჰენრი კამენსი უბრალოდ არ არსებობს, რაც საერთოდ არ უშლის ხელს, გენმოდიფიცირებულ კლონებზე არანაკლებ „ველური“ თეორიები შეთხზას ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით.
წესით და რიგით, კამენსის არარსებობა უკვე კარგი არგუმენტია, მისი როგორც წყაროს სანდოობის წინააღმდეგ. მაგრამ ლაბორატორიაზე გავრცელებულ მითებს სავსებით რეალური წყაროებიც ჰყავთ. საერთოდაც, კამენსის არსებული კოლეგებიდან ერთ-ერთი, დილიანა გაიტანჯიევა, მართლა ცდილობდა გარკვეული ბმის პოვნას კორონავირუსსა და ლუგარის ლაბორატორიას შორის. მესამე ყურადსაღები ფიგურა კი, ჯეფრი სილვერმანი, დეზინფორმაციის გამავრცელებელ ძირითად ჟურნალისტს წარმოადგენს და ჰენრი კამენსის მიერ ხშირადაა ციტირებული.
ყალბი ამბების "სამი მუშკეტერი"
ჰენრი კამენსი
New Eastern Outlook
დილიანა გაიტანჯიევა
South Front
ჯეფრი სილვერმანი
Veterans Today
ლუგართან დაკავშირებული ყალბი ამბების ეს „სამი მუშკეტერი“, ჩვეულებრივ არც თუ ისე დამაჯერებელ თეორიებს აწარმოებენ, თუმცა არა ყველას თვალში. მათ ჰყავთ მაყურებლები, მსმენელები, მკითხველები. ხალხი, რომელთა ცნობიერებაშიც უკვე აისახა მათი გავრცელებული არაერთი მცირედი სიმართლით შეზავებული დიდი ტყუილები, თანმდევი კითხვებით. კითხვებით, რომლებზეც პასუხის გაცემაა საჭირო. კითხვებით, რომელთა მოწოდებისთვის მცირედით უნდა გავსცდეთ ჟურნალიზმის ჩარჩოებს და წარმოვიდგინოთ ვინმე „შეთქმულების თეორიების ადამიანი“, შემოკლებით შთა.
დავუშვათ, შთა არ ენდობა ლუგარის ლაბორატორიას და უნდობლობის მიზეზები შეთქმულების თეორიების შესაფერის დაფაზე აქვს გამოკრული.
"ჭეშმარიტების" დაფა
ფილიპინელების უცნაური გარდაცვალება
რა ნახეს ასეთი?
ექსპერიმენტები ადამიანებზე
ბოროტების სავანე სრული!
C-ჰეპატიტის პრეპარატებს ქართველებზე ტესტავენ
დამყოლი ერი ვართ...
ღორის გრიპი ლუგარიდან გავრცელდა
შეცდომა თუ მიზანმიმართული ბოროტება?
როგორ მივყავართ კორონავირუსის კვალს ლუგარის ლაბორატორიამდე?
ყველაფერში როგორ უნდა გავეჩხიროთ...
მამა-შვილი სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლა
საქვეყნოდ მოვიჭერით თავი...
რატომ ავადობს ლაბორატორიის გარშემო მცხოვრები ხალხი?
თავის ტკივილი, სახსრების პრობლემები, უცაბედი გარდაცვალებები...
რა ხდება ლაბორატორიის ქვედა სართულებზე?
რაც ზემოთ არიან, ათი იმდენი ქვემოთ არიან...
ლუგარის თანამშრომლებს ბიოლოგიურ იარაღებზე აქვთ ნამუშევარი
ამაზე აშკარა მხილება რა გინდათ?
ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია, ასე მიაჩნია შთას. იგი დარწმუნებულია, რომ ქართველები საცდელი ვირთხები ვართ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამტკიცებს, მხოლოდ ცხვრები ვერ ხედავენ ამასო. თუ ჩაეძიები, ბოლო-ბოლო ცხვრები ვართ თუ ვირთხებიო, პასუხად მრავალსართულიან გინებას მიიღებ, მიშენების პერსპექტივით. ამიტომ აჯობებს ჩაძიების გადამისამართება ლუგარის ლაბორატორიაში და ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვაზე პასუხის მიღება.
მიუხედავად შემოთავაზებული პასუხებისა, შთას სავსებით სამართლიანად შეუძლია უნდობლობის გამოცხადება მოპასუხისთვის, რადგან ის ლუგარის ლაბორატორიას წარმოადგენს, „ამერიკელების დაკრულზე ცეკვავს“ და მის ინტერესებშია სიმართლის დაფარვა. ამაზე პასუხი ყველა მისი წყაროს რუსული კავშირების ხაზგასმაა. რატომ ენდობოდა შთა მათ? შთას პასუხი მზად აქვს: დაფინანსება არ ნიშნავს, რომ დაფინანსებულები ტყუილს ამბობენ. კი ბატონო. მაგრამ ეს ლოგიკა ხომ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებსაც ერგება? თან ეს უკანასკნელნი მზად არიან პასუხის გასაცემად, ფაქტების შემოსათავაზებლად. ამ დროს კი, BBC-ის ინტერვიუში, როდესაც ჟურნალისტმა მარია ზახაროვას უთხრა, რომ იგორ გიორგაძის მიერ წარდგენილი ფაქტები მცდარი იყო, ზახაროვამ უპასუხა: „თუ თქვენ არ გაქვთ დამამტკიცებელი საბუთები ახლა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საერთოდ არ არსებობენ.“ ხოლო როდესაც თავად იგორ გიორგაძეს წარუდგინეს მისი განცხადებების უარმყოფელი ფაქტები, მისი პასუხი იყო: „მე არ მაქვს არანაირი სურვილი რამე დავამტკიცო. მე მხოლოდ კითხვებს ვსვამ“. რაც შეეხება ჯეფრი სილვერმანს, მისი თეორიების ძირითადი პლატფორმის-Veterans Today, ხელმძღვანელი გორდონ დაფი თავად აღიარებს: “Veterans Today-ზე დაწერილი მასალების დაახლოებით 30% აშკარა ტყუილია. მე რასაც ვწერ, იმის 40% მაინც, მიზანმიმართულად, ნაწილობრივ ცრუა“.

"სანდო" წყაროები
მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი
იგორ გიორგაძე
საქართველოს უშიშროების მინისტრი 1993-1995 წწ.
გორდონ დაფი
Veterans Today-ს ხელმძღვანელი
ამის პასუხად შთა შეიძლება გაბრაზდეს. შეურაცხყოფად მიიღოს ეს ჭკუის დარიგება. მას მიაჩნია, რომ შეუძლია ყალბი ინფორმაციის ნამდვილისგან გარჩევა და სულ არ არის ისეთი ბნელი, როგორადაც წარმოუდგენიათ. ეს განაწყენება ნაწილობრივ სამართლიანია. ერთ-ერთი კვლევა შეთქმულების თეორიების მიმართ ორ ჰიპოთეზას წამოჭრის: გვერდითი შედეგის (By-product hypothesis), რომლის მიხედვითაც შეთქმულებების რწმენა გარკვეული ფსიქოლოგიური მექანიზმების არაპირდაპირი შედეგია; და ადაპტაციური კონსპირაციზმის (Adaptive-conspiracism hypothesis), რომელიც შეთქმულებით აზროვნებას ადამიანის გონების ადაპტაციურ მახასიათებლად და სახიფათო კოალიციების ამოცნობაზე მიმართულ ფსიქოლოგიური მექანიზმად მიიჩნევს. ასეა თუ ისე, ეს მახასიათებლები სხვა ტიპის ყოფაში ჩამოყალიბდნენ და სათანადოდ ვერ უმკლავდებიან ამჟამინდელ გამოწვევებს. ინფორმაციულ საზოგადოებაში ყალბის ნამდვილისგან გარჩევა ხომ უფრო და უფრო რთულდება. მოტყუების მეთოდები კი იხვეწება. და სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებით, როგორც მინიმუმ, ინფორმაციის წყაროების გულგრილობა ფაქტების მიმართ, თეორიის სანდოობის კარგი მიმანიშნებელი უნდა იყოს.

დავუშვათ შთა ჩუმადაა. თქმულს ითვალისწინებს. იქნებ ინფორმაციის უფრო ფრთხილი მომხმარებელიც გახდეს. ცდუნება დიდია. ის ხომ ჟურნალისტურ სივრცეში სრულიად ურცხვად შემოჭრილი წარმოსახვის ნაყოფია და ავტორის ნებაა რას დაიჯერებს. მაგრამ სინამდვილე ასეთი მარტივი გადაწყვეტებით არ გამოირჩევა. ამიტომ, შთას- თავისი ცოცხალი შესატყვისების დარად, დავუტოვოთ არჩევანის საშუალება, მივცეთ დაფიქრებისთვის დრო და ერთი ჩინური იგავიც გავუზიაროთ:

კაცმა ცული დაკარგა. მეზობლის ბიჭზე აიღო ეჭვი.

აკვირდება: ცულის მპარავივით დადის; ცულის მპარავივით იყურება; ცულის მპარავს მიუგავს სიტყვა-პასუხი.

ერთხელ ბოსტანს ბარავდა და იქ არ იპოვა თავისი ცული?

აკვირდება მეზობლის ბიჭს:

არც სახით, არც სიტყვით, არც მიხვრა-მოხვრით არა ჰგავს ქურდს.

-ლე ძინი. ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი.

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website