მაგალითისთვის ავიღოთ „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი“. ამ ლაბორატორიის გარშემო არაერთი მითი ტრიალებს. უფრო მეტიც, როგორც Veterans Today-ის ჟურნალისტი ჰენრი კამენსი ირწმუნება, უხანის ლაბორატორიას გადაცემული Covid-19-ის მატარებელი ღამურა, წარმოშობით სწორედ საქართველოდანაა და აქვე წარმოებულ მოსახლეობის გენმოდიფიცირებული კლონებით ჩანაცვლების ცდებთანაა უშუალო კავშირში.
ჰენრი კამენსი კი ირწმუნება, მაგრამ რამდენად სარწმუნოა შემოთავაზებული თეორია? არ არის. მას ასეთი არაფერი უთქვამს, თუმცა თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რადგან ის New Eastern Outlook-ის „მოჩვენება“ ჟურნალისტების რიცხვს
მიეკუთვნება. ჰენრი კამენსი უბრალოდ არ არსებობს, რაც საერთოდ არ უშლის ხელს, გენმოდიფიცირებულ კლონებზე არანაკლებ „ველური“ თეორიები შეთხზას ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით.
წესით და რიგით, კამენსის არარსებობა უკვე კარგი არგუმენტია, მისი როგორც წყაროს სანდოობის წინააღმდეგ. მაგრამ ლაბორატორიაზე გავრცელებულ მითებს სავსებით რეალური წყაროებიც ჰყავთ. საერთოდაც, კამენსის არსებული კოლეგებიდან ერთ-ერთი, დილიანა გაიტანჯიევა, მართლა ცდილობდა გარკვეული
ბმის პოვნას კორონავირუსსა და ლუგარის ლაბორატორიას შორის. მესამე ყურადსაღები ფიგურა კი, ჯეფრი სილვერმანი, დეზინფორმაციის გამავრცელებელ ძირითად ჟურნალისტს წარმოადგენს და ჰენრი კამენსის მიერ ხშირადაა ციტირებული.